ირპენის მერის განცხადებით, ოკუპანტებმა ქალაქის ნაწილი აიღეს
კიევის ოლქის, ქალაქ ირპენის მერმა, ალექსანდრე მარკუშინმა განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქის ნაწილი აიღეს, მეორე ნაწილი კი მტერთან ბრძოლას განაგრძობს.
“ირპენის ნაწილი რუსმა ოკუპანტებმა მართლაც დაიპყრეს, მაგრამ მეორე ნაწილი ბრძოლას განაგრძობს და პოზიციებს არ თმობს!”, – განაცხადა მარკუშინმა.
ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ დღეს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.
“დღეს 10:00 საათზე ირპენიდან ბავშვების, ქალების და მოხუცების მორიგი ევაკუაცია განხორციელდება. რომანოვკაში (ირპენის მიკრორაიონი) ავტობუსები მოსახლეობას კიევის რკინიგზის სადგურამდე მიიყვანენ”, – წერს ირპენის მერი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 6 მარტს ქალაქ ირპენიდან ევაკუაციის დროს რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა.