РИА: უკრაინაში დივერსიული ჯგუფი – „ქართული ეროვნული ლეგიონი“ მოქმედებს
რუსული პროპაგანდისტული მედია, კერძოდ РИА Новости წერს, რომ, უკრაინის შეიარაღებული ძალების კოორდინაციით, ქვეყანაში ფუნქციონირებს დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი „ქართული ეროვნული ლეგიონი“, რომლის წევრებიც მონაწილეობდნენ ავღანეთსა და ერაყში საომარ მოქმედებებში.
ამის შესახებ სააგენტოს წყარომ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, „ქართული ეროვნული ლეგიონი“ 25-მდე ადამიანისგან შედგება, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეებისგან.
“ის მოქმედებს, როგორც დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი, ძირითადად, უკრაინის ლუგანსკის რეგიონში. საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება მოხალისეთა შერჩევა, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში გამოცდილების მქონე ნაციონალისტებიდან, მათ შორის, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების დროიდან, ასევე ავღანეთსა და ერაყში მისიების მონაწილეთაგან“, – ამბობს წყარო.
მისი თქმით, „ლეგიონის ფინანსური მხარდაჭერის უშუალო კოორდინატორი ადრე იყო ოდესის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მოქმედებდა აშშ-ს სხვადასხვა ფონდების მეშვეობით“.
„ქართული ეროვნული ლეგიონის“ საველე მეთაური გახლავთ, უშანგი მამულაშვილი(მამუკა)1978 წლის 22 აპრილს დაბადებული, წარმოშობით ქალაქ თბილისიდან. სამხედრო ოპერაციების ვეტერანი, მონაწილეობდა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში საომარ მოქმედებებში, როგორც დაქირავებული, არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების მხარეს“, – იტყობინება წყარო.
მისი თქმით, „ლეგიონის საქმიანობას კოორდინაციას უწევენ უკრაინის შეიარაღებული ძალები და უკრაინის სპეცსამსახურები“.
“მამულაშვილი ასევე აშშ-ის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც შეხვედრებს მართვას როგორც უკრაინულ, ისე – ქართულ დიასპორებთან, ასევე, აშშ-ის სამხედრო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან”,- დასძენს წყარო.