დავით ზალკალიანი: მას შემდეგ, რაც ელჩი გაიწვიეს, მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი გაკვირვება

ვიცეპრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ელჩი გაიწვიეს, უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რა დროსაც მკაფიოდ დააფიქსირა თავისი გაკვირვება.

მისი თქმით, ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევის გადაწყვეტილება შესაძლოა, ემოციურ ფონზე და უკრაინის ხელისუფლებისადმი მიწოდებულ დამახინჯებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იყო მიღებული.

„მას შემდეგ, რაც ელჩი გაიწვიეს, მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, განვიხილეთ ეს საკითხი და ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი გაკვირვება, იმ ფონზე, რა მხარდაჭერაც საქართველომ აღმოუჩინა უკრაინას. რაც თვალსაჩინოა. თუნდაც ბოლო ორი რეზოლუცია, მანამდე გაკეთებული ძალიან მკაფიო განცხადებები და ჩვენი გადაწყვეტილება, რომ შევუერთდით და მხარი დავუჭირეთ ევროპის საბჭოდან რუსეთის წევრობის შეჩერების საკითხს, ჩვენი ძალიან მძლავრი გზავნილი იყო. ამ ფონზე ჩვენი, საქართველოს ხელისუფლების და პირადად ჩემი გაკვირვება გამოიწვია ამ გადაწყვეტილებამ, თუმცა, ეს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, რომ არ არის ლოგიკური, იქიდან გამომდინარე რა ნაბიჯებიც გადადგა საქართველომ. გვესმის, რომ ომშია ეს ქვეყანა და შესაძლოა, ემოციურ ფონზე და უკრაინის ხელისუფლებისადმი მიწოდებულ დამახინჯებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები