უკრაინის თავდაცვის მინისტრი: წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, იქნება სისხლი, ცრემლები, ტკივილი, მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთ

“უკვე მთელი კვირაა, უკრაინა მედგრად ებრძვის რუს ოკუპანტებს. ამას ვერავინ ​იფიქრებდა. არც რუსეთში და არც დასავლეთში არავის სჯეროდა, რომ უკრაინა გაძლებდა. მხოლოდ უკრაინას და უკრაინელებს სჯეროდათ”, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს ჯარისკაცების, ექიმების, მაშველების, ჟურნალისტების – თითოეული ადამიანის თავდადების შედეგია.

​​​”ძვირფასო უკრაინელებო! ადრე არც მიფიქრია, კვირაში რამდენი საათია? აღმოჩნდა – 168. უკვე მთელი კვირაა, უკრაინა მედგრად ებრძვის რუს ოკუპანტებს. ამას ვერავინ ​იფიქრებდა. არც რუსეთში და არც დასავლეთში არავის სჯეროდა, რომ უკრაინა გაძლებდა. მხოლოდ უკრაინას და უკრაინელებს სჯეროდათ.

24 თებერვალს უკრაინელების მხოლოდ ორი მესამედი იყო დარწმუნებული, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემთხვევაში ჩვენ გადავრჩებოდით. დღეს ასე ფიქრობს უკრაინელების 90 პროცენტი. ეს ჩვენი ჯარისკაცების გმირობის შედეგია. ეს თითოეული თქვენგანის თავდადებაა. ჩვენი ექიმები, მაშველები, მუშები, რკინიგზის მუშები, ჟურნალისტები, ფინანსისტები იბრძვიან ფრონტზე. ქვეყანა არ გაჩერებულა და იბრძვის. მინდა ხაზი გავუსვა სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელების და მერების თავდადებას.

ჩვენმა არმიამ უკვე გაანადგურა ათასობით ოკუპანტი და იმდენი მტრის აღჭურვილობა, რომელიც რამდენიმე ქვეყნის არმიის აღჭურვას ეყოფოდა. ოკუპანტებს სამარცხვინო დამარცხების შეეშინდათ და მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა დაიწყეს. ისინი ბომბავენ საავადმყოფოებს, კლავენ ქალებსა და ბავშვებს. ეს აღარ არის ჯარი – ისინი ჩვეულებრივი მშიშრები და ტერორისტები არიან.

წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. იქნება სისხლი, ცრემლები, ტკივილი, მაგრამ ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი, რომ ვიყოთ თავდაჯერებულები. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!”, – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები