რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ქვეყანა მილიონმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფილიპო გრანდიმ განაცხადა.
„სულ რაღაც შვიდ დღეში ჩვენ გავხდით უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში მილიონი ლტოლვილის გასვლის მოწმე“, – წერს გაერო-ს წარმომადგენელი Twitter-ზე.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინელ ლტოლვილთა რაოდენობა გაორმაგდა.
გაერო-ს ცნობით, ლტოლვილთა უმეტესობა, ასობით ათასი ადამიანი პოლონეთში წავიდა.
ფილიპო გრანდიმ რუს სამხედროებს მოუწოდა, შეწყვიტონ უკრაინის ქალაქების დაბომბვა, რათა ჰუმანიტარულმა მისიებმა შეძლონ, სასიცოცხლო მნიშვნელობის მარაგი დაზარალებულებს მიაღწიონ.
ექსპერტების შეფასებით, უკრაინის კრიზისმა შესაძლოა, 12 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დატოვოს.