ნინო წილოსანი – „ძალისხმევა არ დაგვიშურებია, რომ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოგვეხატა, როცა ჩვენი მოძმე უკრაინა რუსული აგრესიის სამიზნე გახდა”
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი თავის უკრაინელ კოლეგებს მიმართავს და აცხადებს, რომ არავის არ მიეცეს უფლება, ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებში, ვინმემ ეჭვი შეიტანოს.
„ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, თუ ქვეყნის შიგნით მიღებული ყველა გადაწყვეტილებით, ყოველთვის ვირჩევდით თავისუფლებას და მისთვის ბრძოლას. მაგრამ ასევე ვირჩევდით და ვარჩევდით ირაციონალურ გადაწყვეტილებებს სახელმწიფოებრივ და პასუხისმგებლობიან ქმედებებს.
მაშინ, როცა ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და სულ რაღაც 30 კილომეტრში დგას რუსის ჯარი, როდესაც ჩვენ 2008 წელს გამოვიარეთ იგივე სისასტიკე და იგივე ტკივილი, რაც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში. ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალისხმევა არ დაგვიშურებია, რომ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოგვეხატა, როცა ჩვენი მოძმე უკრაინა რუსული აგრესიის სამიზნე გახდა. ჩვენ მეორე ქვეყანა ვიყავით, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ჩვენი მხარდაჭერით ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას, რუსეთისთვის წარმომადგენლობის შეჩერებას დავუჭირეთ მხარი.
საქართველომ, 80 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, თანასპონსორობა გაუწია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაგმობას ეხებოდა. ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით ჰუმანიტარულ დახმარებაზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული და შესრულებული. ამავდროულად, მაშინ როდესაც ბევრი სხვა ქვეყანას გამოჰყავდა თავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლები უკრაინიდან, ჩვენი წარმომადგენლები ახლაც კი იქ არიან. ჩვენ თქვენთან ერთად განვიცდით ამ ტრაგედიას და მიუხედავად იმისა, რომ პიარულად, რასაც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები, ცდილობენ რომ გაატარონ შეიძლება, ეს ქმედებები უფრო კარგად ჩანდეს, ის საქმე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ აუცილებლად დარჩება ისტორიას.
მინდა, ჩემს უკრაინელ კოლეგებს მივმართო – საქართველოს ხელისუფლება ხალხის არჩეულია. სწორედ იმ ხალხის არჩეული, რომლებიც ქუჩებში გამოვიდნენ, დადგნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს და აქ არ იყო არანაირი პარტიული კუთვნილება. ჩვენ ხალხის წარმომადგენლები ვართ და ჩვენ ხალხის ხმას ვაჟღერებთ ყველგან. ამიტომ არც თქვენ მისცეთ ვინმეს უფლება, რომ ჩვენი ქვეყნების მეგობრულ ურთიერთობაში შეიტანოს ეჭვი და არც ჩვენ მივცემთ საშუალებას საკუთარი გამორჩენით აჟიტირებულ ადამიანებს და მავნებლებს, რომ ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების სწორ პოზიციონირებას მიაყენონ ზიანი”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.