ალეკო ელისაშვილი: თუ რამე უხარია რუსეთს, ახლა რაც ხდება – ამის ყურებაა, როგორ ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას – ლამის ავფეთქდე, ისე ვარ

“თუ რამე უხარია რუსეთს, ახლა რაც ხდება – ამის ყურებაა, როგორ ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას. გინება და ჩხუბი ყველამ ვიცით, დავერიოთ ერთმანეთს”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამაც და მმართველმა გუნდმაც ხალხს და ქვეყანას პატივი უნდა სცენ.

„მინდა, დარდი ვთქვა, რა გვჭირს – ხალხო, მთელი საქართველო გვიყურებს ახლა. 10 წელი რასაც უყურებდნენ, იმას უყურებს ახლაც. თქვენი 9 წელი, თქვენი 9 წელი, კარგით რა, ჩვენს შვილებს რა ბედი ელის არ გვადარდებს? შევხედოთ როგორ ბომბავენ ის უღმერთოები ისინი, ჭურვი არავის არჩევს, არც ზელენსკის მხარდამჭერს და არც დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს. ეროვნულად შევხედოთ, არ გვინდა ეს ლანძღვა. გავიგეთ, რომ ერთმანეთი გვძულს. გაიგო მთელმა საქართველომ, რომ ერთმანეთის სიძულვილით ვართ შეპყრობილები, მაგრამ მოვთოკოთ რა ნერვები. ლამის ავფეთქდე ისე ვარ მეც, როგორც ყველა. ერთმანეთს, ჩვენს ქვეყანას ვცეთ პატივი და იმ ხალხს, მათ სოლიდარობა უნდათ, ჩვენი ჩხუბის და ჯიჯგვნის ყურება კი არა. მანდატი რომ მოგცეს და ხელფასს გვიხდიან, ჩვენგან უნდათ გაიგონ, რა ელის ამ ქვეყანას. ბეწვის ხიდზე რომ გავდივართ, გაიგონ რა ხდება. ამაზე ვილაპარაკოთ, ვაჩვენოთ მთელ ქვეყანას. კრიზისის დროს, ომში ჩვენც ხომ ომში ვართ. ამ კრიზისის დროს ერთ მუშტად რომ შეგვიძლია შეკვრა, ერთხელ მაინც ვაჩვენოთ, 3 ათასი წლიანი არსებობის მანძილზე. თუ რამე უხარია რუსეთს, ახლა რაც ახდება ამის ყურებაა, როგორ ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას. გინება და ჩხუბი ყველამ ვიცით, დავერიოთ ერთმანეთს, მაგრამ ეს ენერგია და სულისკვეთება მათთვის შემოვინახოთ. თხოვნაა ეს, მოწოდება კი არა, პარტიული ჭუჭრუტანიდან ნუ უყურებთ ამ ქვეყანას, შევიკავოთ თავი. სიტყვას არ დავძრავ ღარიბაშვილზე მიუხედავად იმისა, რომ შემზარავი იყო ჩემთვის, რასაც ვისმენდი, მაგრამ ამისთვის აუცილებლად მოვა დრო და პასუხი უნდა აგოს ღარიბაშვილმა“,-განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები