რატი ბრეგაძე: ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს ბალანსის გონივრულად დაცვა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომლის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ ძალიან კარგად ესმის უკრაინის.

მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.

,,ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ნებისმიერ ომს შედეგად მოაქვს ბევრი ადამიანური ტრაგედია; ასევე, მოაქვს შოკი, ფსიქოლოგიური ტრავმა და, რა თქმა უნდა, ფატალური ეკონომიკური შედეგები, რასაც სჭირდება ხოლმე გამოსწორება. მინდა, უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა საკუთარ მიწაზე და ყველა ფრონტის ხაზზე გასულ ადამიანს საკუთარ სახლებში მშვიდობიანად დაბრუნება”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციასა და მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის წინაშე არსებულ ვალდებულებებზე ისაუბრა. რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის საქართველოს როლი და თავისი ვალდებულება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. მინისტრის თქმით, ამ რთულ დროში ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს ბალანსის გონივრული დაცვა.

,,ჩვენ არასდროს უნდა დაგვრჩეს მხედველობის მიღმა, რომ საქართველოს ტერიტორიების, დაახლოებით, 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. მაგალითისთვის, როდესაც თბილისიდან მოძრაობთ დასავლეთის მიმართულებით, გორამდე არმისული, თუკი გავიხედავთ ავტობანიდან მარჯვენა მხარეს, დავინახავთ რუსულ ბაზას. ასევე, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღესაც რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ, ამავდროულად, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში დღეს მიმდინარეობს ძალიან დიდი და უსამართლო სისხლისღვრა. ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ უკრაინაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს დიპლომატიურ მისიას, რომელსაც ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია მუშაობა. ის ხალხი ამ წუთებშიც იქ იმყოფება და ნამდვილად გმირულად, მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. მთელ ამ რთულ კონსერვაციაში უნდა დავფიქრდეთ, სად გადის საქართველოს როლი. საქართველოს როლი, უპირველეს ყოვლისა, არის ჩვენი მეგობრების ძლიერ და მაქსიმალურ მხარდაჭერაში და, ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაში. რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს უნდა დაგვრჩეს მხედველობის მიღმა ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. ბუნებრივია, როდესაც გარკვეული ძალა არის ხელისუფლების სათავეში, მან, რა თქმა უნდა, უნდა მოახერხოს ამ ბალანსის გონივრულად დაცვა – ერთი მხრივ, მეგობრების უპირობო და ურყევი მხარდაჭერა, და მეორე მხრივ, სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესი”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები