საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
დასაქმებისა და ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობის სფეროში გრანტის გაცემის უფლებამოსილება აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებს ექნებათ.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენისთვის კომიტეტს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა გააცნო.
მომხსენებელმა განმარტა, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილებები არ განუცდია.
კანონპროექტის მიღებით, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიული პირს, რომელსაც აქვს/ექნება კომპეტენციები ახალგაზრდული პროექტებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების მიმართულებით, ამავე შინაარსის გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნებათ.
კანონპროექტის შესაბამისად, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილ და აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ექნება გრანტის გაცემის უფლება ახალგაზრდული პროექტების განსახორციელებლად და დასაქმების ხელშესაწყობად.