კელი დეგნანმა დავით ზალკალიანს უკრაინის მიმართ გამოხატული როგორც პოლიტიკური, ასევე, პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა​

ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრის თემა უკრაინის საკითხი და საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა იყო. შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს მთავრობას, პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის მიმართ გამოხატული როგორც პოლიტიკური, ასევე, პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო კოორდინაციას მიმდინარე პროცესების ფონზე.

„მქონდა საკმაოდ საგნობრივი, დეტალური საუბარი უკრაინაში მიმდინარე აგრესიასთან დაკავშირებით და იმ საერთაშორისო მობილიზაციასთან მიმართებით, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ერთად ახორციელებს უკრაინისთვის სოლიდარობისა და მხარდაჭერის კუთხით. მე კიდევ ერთხელ მივიღე ამერიკის შეერთებული შტატებისგან ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მიმართ და შეფასებები, რომელიც მოჰყვა ჩვენს მხარდამჭერ განცხადებებს უკრაინასთან მიმართებით, აბსოლუტურად მხარდაჭერილი და გაზიარებული არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ვრჩებით ძალიან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში იმისთვის, რომ ყველა ქმედება იყოს თანმიმდევრული, გვქონდეს ერთობლივი პოზიციები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში“, – განაცხადა ზალკალიანმა შეხვედრის შემდეგ.

დღეს კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები