მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის ერთიანი საკანონმდებლო რეგულაციები დაწესდება საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა პირველი მოსმენისთვის განიხილეს

„მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის ერთიანი საკანონმდებლო რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი არეგულირებს შემდეგ საკითხებს: განისაზღვრება მომხმარებლისა და მოვაჭრის ძირითადი უფლებები და ვალდებულებები; წესრიგდება სამომხმარებლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარანტიები; განისაზღვრება ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობები, ასეთი პირობების ბათილობის წესი და მტკიცების ტვირთი; მოცემულია ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო, უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები, რომელიც განსაზღვრავს უსამართლო კომერციული საქმიანობის სახეებს; ადგენს მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიებს; დგინდება სანქციების დაწესების ორი საფეხური.

მომხსენებლის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, შემუშავებული კანონპროექტი აერთიანებს ევროკავშირის 6 დირექტივასა და 1 რეგულაციას და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, არსებულ რთულ სიტუაციაში, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რთულია კონცენტრირება კონკრეტულ საკითხებზე, თუმცა, დღეს განხილული მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდება ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. „ჩვენ უფლება არ გვაქვს, თუნდაც ამ რთულ სიტუაციაში, მცირედით მაინც მოვადუნოთ ჩვენი მისწრაფებები იმ საერთო დასავლური ღირებულებებისადმი, რომელიც ჩვენ გუნდს გააჩნია”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოს არჩეული აქვს ევროპული მიმართულება და განხილული კანონპროექტი სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს.

„ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მოთხოვნებს ვუპასუხოთ. დღეს განხილული საკითხი კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს ევროპულ სტანდარტებს და ევროპელი პარტნიორების მოთხოვნებს უკავშირდება”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები