შალვა პაპუაშვილი: წინა კვირას მრავალი ფორუმი და პლატფორმა გაიმართა და ოპოზიციამ არსად არ მიიღო მონაწილეობა, უკრაინის მხარდასაჭერად ხმაც არ ამოუღიათ
ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება, ახლა უკრაინელი დებისა და ძმებისთვის გავაკეთოთ, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა საერთაშორისო ფორუმებზე. წინა კვირას მრავალი ფორუმი და პლატფორმა გაიმართა და ოპოზიციამ არსად არ მიიღო მონაწილეობა, მხარდასაჭერად ხმაც არ ამოუღიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ამის ნაცვლად არის ხმამაღალი საუბარი ტელევიზიით, მედიით და სოციალური მედიით.
„ჩვენ, როგორც უმრავლესობას და მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ საქმე იყოს წინ წამოწეული და რაც შეიძლება ნაკლები იყოს ასეთი მსჯელობების შესაძლებლობაც კი, სადაც პარლამენტის სახეს ვაჩვენებთ ასეთს, რომ არის კამათი ისეთ საკითხებზე, რომელიც საკამათო არ არის.
არ არის საკამათო ჩვენი სოლიდარობა, არ არის საკამათო ის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოების საკითხები ამ მომენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამიტომ სად, თუ არა აქ უნდა იყოს ერთიანობა და სამწუხაროდ, ყოველი ეს წამოწყება თითქოს ერთიანობის, მათ შორის, რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებითაც, ორ წუთზე მეტს ვერ ძლებს ეს ერთსულოვნების ყალბი ნარატივი ზოგიერთ ჩვენ კოლეგაში, მათ შორის, მათში, ვინც ახლა ზურგის შექცევით დატოვა ჩვენი დარბაზი. ყველას მოგიწოდებთ, რომ ვიყოთ ძალიან მტკიცე და ამავე დროს ძალიან მშვიდი. როდესაც ვუყურებთ უკრაინელ ხალხს, ეს არის სიმტკიცე და ეს არის სიმშვიდე. ჩვენც ეს სიმტკიცე და სიმშვიდე უნდა გამოვიჩინოთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.