გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე საბჭოს 2022-2024 სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე საბჭოს 2022-2024 სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს ხედვები და სამოქმედო გეგმის ძირითადი ამოცანები საბჭოს წევრებს საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა გააცნო.
2022-2024 წლებისთვის სამოქმედო გეგმა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობის, გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების, საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერების და გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმების დახვეწის, გენდერულ თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლების და სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგის მიმართულებით.
ნინო წილოსანის განმარტებით, გეგმაში გაწერილია კონკრეტული განსახორციელებელი აქტივობები თითოეული პრიორიტეტული თემის ირგვლივ.
„ყოველ წელს, საბჭო განსაზღვრავს, თუ რა საკითხები იქნება უფრო მეტად პრიორიტეტულად დაყენებული და განხილული, თუმცა ამავდროულად არანაკლებ მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ყველა სხვა საკითხზეც. წელს პრიორიტეტულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ამის ფარგლებში სამოქმედო გეგმაშიც შესაბამისი ღონისძიებებია გათვალისწინებული“,-განაცხადა ნინო წილოსანმა.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე დღესვე საბჭოს მიერ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის გამოცხადების წესი დაამტკიცეს.