ნიკა სამხარაძე – “ნაციონალურ მოძრაობას”: თქვენ არც უკრაინა გადარდებთ და არც მშვიდობა
„თქვენ არც უკრაინა არ გადარდებთ, არც მშვიდობა უკრაინაში და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ დადგათ შოუები და იაფფასიანი სპექტაკლები”, – ასე გამოეხმაურა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს.
ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს მიერ საერთაშორისო პლატფორმებზე გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, ქვეყანამ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე დააფიქსირა პოზიცია, რომელიც საქართველოს, უკრაინის და მთელი დასავლეთის ინტერესებს ეხმიანება.
„ეს ყველაფერი, რაც აქ ხდება, ვიწროპარტიული პოლიტიკური ქულების დაწერისთვის გაკეთებული ამბავია. თქვენ რომ ეს გაინტერესებდეთ, ჯერ ერთი, არ ჩამეჩრებოდით და მეორე – გაიგებდით, რას ვაკეთებთ და ყოველ შემთხვევაში, მხარდაჭერას მაინც გამოხატავდით საჯაროდ იმ ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველომ გადადგა საერთაშორისო პლატფორმებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც განსაზღვრავენ დღის წესრიგს მსოფლიოში. გაეროს უშიშროების საბჭოში საქართველო იყო რეზოლუციის თანასპონსორი და თანაინიციატორი, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობდა უკრაინაში და ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელმაც ეს დააინიცირა სხვა ქვეყნებთან ერთად.
ეუთოში, ევროპის საბჭოში, ყველგან, გვქონდა პოზიცია, რომელიც ეხმიანება საქართველოს ინტერესებს, უკრაინის ინტერესებს და მთელი დასავლეთის ინტერესებს. ამიტომ აქ, ვერავისგან ვერ მივიღებთ თქვენი მხრიდან იმ ბრალდებას, რომ ჩვენ არ ვართ სიმართლის მხარეს, ჩვენი ქვეყნის მხარეს და ისტორიის მხარეს. ეს არის სირცხვილი და ადამიანების მოტყუება, რასაც თქვენ აქ აკეთებთ. წინა კვირაში გაიმართა სამი საპარლამენტო ასამბლეა და არცერთს არ დაესწრნენ ოპოზიციის წევრები. სადაც საქართველომ გააკეთა მკვეთრი განცხადებები და სხვა ქვეყნებთან ერთად დავდექით საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ომის დაგმობის მხარეს. თქვენ არცერთ დელეგაციაში არ წამობრძანდით, იმიტომ, რომ ეს არ არის თქვენი ინტერესი. ეს ყველაფერი, რაზეც მე ვისაუბრე, არის სწორედ იმის გაგრძელება, რომ თქვენ არც უკრაინა გადარდებთ და არც მშვიდობა არ გადარდებთ უკრაინაში და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ დადგათ შოუები და იაფფასიანი სპექტაკლები. თუ ჩვენ საქმიანი დისკუსია გვინდა, უკრაინის ელჩს შევხვდეთ ყველა ერთად.
ბატონო შალვა, გთხოვთ ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ – ელჩ იგორ დოლჰოვს შევხვდეთ და რაც საჭიროა, გავაკეთოთ უკრაინისთვის, თუმცა, ამ სპექტაკლების გარეშე”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.