ცხინვალის მტკიცებით, რუსთაველზე უკრაინის მხარდამჭერი აქციები ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაძაბულობას უწყობს ხელს

“უკრაინაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარებისა და დონეცკ-ლუგანსკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფონზე, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი, საქართველოში ნაციონალისტური და ნეონაცისტური განწყობების ზრდას აფიქსირებს”, – ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.

აღინიშნება, რომ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მრავალეროვნული ლეგიონის ფორმირების შემდეგ, “სააკაშვილის ორი ათასმა აგრესიულად განწყობილმა მომხრემ, უკრაინის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის მზაობა გამოთქვა”.

“ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ თბილისის რეჟიმი, იმის ნაცვლად, რომ აღიაროს თავისი პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის 1920 წლიდან – 2008 წლამდე, მხარს უჭერს უკრაინელ ბანდერას, ავითარებს საკუთარ რევანშისტულ მიზნებს.

ნეონაციზმის მხარდაჭერა საქართველოში ხორციელდება სპეციალური და სამართალდამცავი სამსახურების მდუმარე თანხმობით, რომლებიც თავიანთი ინერტულობით ქმნიან სერიოზულ წინაპირობებს სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის ესკალაციისთვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სამხედრო სასაზღვრო ობიექტი, ისევე როგორც სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა შეღწევის შესაძლო მიმართულებები, იმყოფება რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების კონტროლისა და გავლენის ზონებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები