ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინაში შეჭრა და იქ სამხედრო მოქმედებების წარმოება მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია გვქონდა და ჩვენი სოლიდარობა და პოლიტიკურ დონეზე მხარდაჭერა გამოვხატეთ, ჩემი გადაწყვეტილებით საქართველოდან უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
უკრაინაში შეჭრა და იქ სამხედრო მოქმედებების წარმოება მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია გვქონდა და ჩვენი სოლიდარობა და პოლიტიკურ დონეზე მხარდაჭერა გამოვხატეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმინისტრის თქმით, მისი გადაწყვეტილებით, საქართველოდან უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს. მე კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენი გულისტკივილი გამოვხატო. უკრაინაში რაც ხდება, არის აბსოლუტურად მიუღებელი, უკრაინაში შეჭრა და იქ სამხედრო მოქმედებების წარმოება, რა თქმა უნდა, მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და წესებს. ამის თაობაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია, გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა პოლიტიკურ დონეზე. ამას გარდა, მე მინდა, გითხრათ, რომ დღეს დილით, ჩემი გადაწყვეტილებით 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც უკრაინულ მხარეს მიეწოდა. რა თქმა უნდა, ეს ჰუმანიტარული ტვირთი არის დახმარება ჩვენი უკრაინელი ძმებისა და დებისთვის. ამას გარდა, მე მინდა გითხრათ, რომ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან თბილისში და ვერ დაბრუნდნენ სამშობლოში, მათაც რა თქმა უნდა, უფასოდ მიეწოდებათ ყველა სერვისი და მომსახურება თბილისში”,- განაცხადა პრემიერმინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა უკრაინისთვის საერთაშორისო დონეზე გამოხატულ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინას ყველა საერთაშორისო ფორმატში უჭერს მხარს.
„კიდევ ერთხელ მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, იქნებოდა ეს ეუთოს მინისტერიალი თუ გაეროს ფორმატი, ყველა დონეზე მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ.
ჩემი დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დოკუმენტს, ამით კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, მკაფიოდ გამოვხატეთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და ჩვენი სოლიდარობა ვაჩვენეთ ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს. ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის უფლების შეჩერების შესახებ და რა თქმა უნდა, ეუთოს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაში მინისტრმა დავით ზალკალიანმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა საქართველოს პოზიციის შესახებ. ასევე, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას საქართველომ 80 სხვა სახელმწიფოსთან ერთად თანასპონსორობა გაუწია”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.