თორნიკე შარაშენიძე: ორი-სამი დღე იქნება გადამწყვეტი, ამასობაში რუსეთმა კიევი თუ ვერ აიღო, ეს ფსიქოლოგიურად დაეტყობა რუსულ არმიას
“ორი-სამი დღე იქნება გადამწყვეტი, ამასობაში რუსეთმა კიევი თუ ვერ აიღო, ეს ფსიქოლოგიურად დაეტყობა რუსულ არმიას, მით უმეტეს, რუს მოსახლეობაში ამ ომს რეალურად მხარდაჭერა არ აქვს”,- ამის შესახებ ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, რუსეთს მხოლოდ ამერიკის ეშინია.
“უპირველესად ქებათა ქება ამერიკულ დაზვერვას, რადგან ძალიან ბევრს არ სჯეროდა, რომ რუსეთი ომს დაიწყებდა, მათ შორის, ძალიან ინფორმირებულ რუსებს. უკრაინაში შეჭრა არ ექვემდებარება რაციონალურ ახსნას, რადგან გაუგებარია, ამით რა მოიგო რუსეთმა. ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ნატოში მაინც ვერ შედიოდა. შეეძლო პროვოკაციები მოეწყო დონბასის ოლქში, რათა მთლიანად დაეკავებინა და ასე მოეხდინა ზეწოლა უკრაინაზე. ამით ხელში ეყოლებოდა უკრაინა. ეს რუსეთს უკან ძალიან ცუდად მოუტრიალდება, ასეთი ომის გაჩაღება ყველაზე ახლოს მდგომ ერთან შედეგების გარეშე არ ჩაივლის. ეს სანქციები ნამდვილად არ არის საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად. ბაიდენმაც თქვა, რომ ეს გრძელ ვადაზეა გათვლილი. უკრაინა კი რამდენ ხანს გაძლებს? ხომ გამოჩნდა, რომ ნატო არ აპირებს რუსეთთან ომს? ორი ვარიანტი იყო – ან ჩაესვათ უკრაინაში, მაგალითად, ერთი ამერიკული ბატალიონი, რომელიც პოლიტიკური განაცხადი იქნებოდა, რადგან, წესით, რუსეთი ამერიკას ომს არ დაუწყებდა. მაგრამ რა მოხდა? მოხდა ის, რომ ჯერ იყო ფსიქოლოგიური ომი, რომელშიც პუტინი იმარჯვებს იმიტომ, რომ პირველი: მას აქვს ყველაფერზე წამსვლელის იმიჯი და მეორე – ამერიკაში უკრაინა მაინც აღიქმება როგორც რუსეთის ტრადიციული გავლენის სფერო და ამიტომ ამერიკის რიგითი ამომრჩეველი რუსეთთან კონფრონტაციას მხარს არ დაუჭერს.
როგორც ცნობილია, ბაიდენმა უკრაინიდან ამერიკელი სამხედროები გაიყვანა, ეს კი პუტინმა აღიქვა ისე, რომ ამერიკა უკრაინაში აღარ იყო და რუსეთს თავისუფლად შეეძლო შესვლა. რუსეთს მხოლოდ ამერიკის ეშინია, რადგან რუსების გამჩერებლები მხოლოდ ამერიკელები არიან.
უკრაინის არმია რუსეთს ჯერჯერობით კარგად უმკლავდება. ვფიქრობ, რომ 45-მილიონიანი და ამხელა ტერიტორიის მქონე ქვეყნის დამორჩილება არ იქნება ადვილი. ორი-სამი დღე იქნება გადამწყვეტი, ამასობაში რუსეთმა კიევი თუ ვერ აიღო, ეს ფსიქოლოგიურად დაეტყობა რუსულ არმიას, მით უმეტეს, რუს მოსახლეობაში ამ ომს რეალურად მხარდაჭერა არ აქვს. საქართველოს რომ შევადაროთ, მაშინ ცხინვალის დაბომბვის თემა გამოიყენეს საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად და ხალხის მხარდაჭერა არ გვქონდა. ახლა ესეც არ არის და ამ ომს ვერაფრით ამართლებენ. რაც შეგვეხება ჩვენ – ჩვენ რა უნდა ვქნათ, როდესაც დასავლეთი სანქციების იქით ვერ მიდის? რა უნდა ვქნათ, როდესაც ყურის ძირში რუსი სამხედროები დგანან? რაც შეეხება ღარიბაშვილი განცხადებას, ამაზე რა გითხრათ, როგორც ჩანს, პრემიერს ნამეტანი პირდაპირობით მოუვიდა. გეთანხმებით, რომ განცხადების ფორმას გააჩნია და ჯობს, საერთოდ არაფერი თქვან. ხელისუფლების პოლიტიკა იმისკენაა მიმართული, რომ რუსეთს საბაბი არ მისცეს აგრესიისთვის. ეს თუ გადაგვარჩენს, სიმართლე გითხრათ, მე წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ ვნახოთ. სამწუხაროდ, ეს არ არის იმის გარანტია, რომ რუსეთი არ მოგვიტრიალდება. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ რა სანქციებს უნდა მივუერთდეთ? გამოვიდეთ საბავშვო ასაკიდან და რეალურად ვიმსჯელოთ. თუმცა, ცხადია, აზრის ძალიან დელიკატურად გამოხატვაც შეიძლებოდა”,- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.