სარჯველაძე – რუსეთზე: არ მგონია, დღეს ვინმე ცივილიზებულ სამყაროში იყოს ისეთი, რომელიც მიიჩნევს, სანქციები საკმარისია
“ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე ახალი ინსტრუმენტების ძიება იმისთვის, რომ რეალურად რუსეთის იძულება ეფექტიანი გახდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სამართლის აღსრულება ქმედითი იყოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
„სიმართლე გითხრათ, არცერთ შემთხვევაში მე არ შემიძლია, კმაყოფილი ვიყო რაოდენობრივი, ან თუნდაც თვისობრივი მაჩვენებლებით, რადგან მთავარი მიზანი, რაც ამ სანქციებმა უნდა მიაღწიოს, არის ის, რომ რუსეთს უკან დაახევინოს. ხელი ააღებინოს იმ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებსა და გეგმებზე, რომელიც მას აქვს. ეს არის გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის, არავინ არ იფიქროს, რომ დღეს შეუძლია განზე დგომა. ამდენად, არ მგონია, რომ დღეს, ვინმე ცივილიზებულ სამყაროში იყოს ისეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი საკმარისია.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე ძებნა ახალი ინსტრუმენტების იმისთვის, რომ რეალურად იძულება ეფექტიანი გახდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სამართლის აღსრულება ქმედითი იყოს. ამასთან, მომდევნო პერიოდში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სანქციების აღსრულებისადმი ერთგულება. იქ თუ დაიწყო ტენდენცია, მაგალითად სავაჭრო-პარტნიორული ურთიერთობების გვერდის შემოვლითი გზების ძიება, რა თქმა უნდა, ეს კატასტროფული და დამანგრეველი იქნება. ეს იქნება ძალიან რთული, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები უშუალოდ ამ სამხედრო ავანტურასთან მიმართებით, ამის ერთგულება იქნება ძალზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სარჯველაძემ.