ყაველაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: ყველანაირად ჩართულები ვართ, მხარდაჭერასაც ვუცხადებთ უკრაინას და სიტუაციის არევა რატომ უნდათ?
არეულობა ხომ იცით, ვის აწყობს? სხდომა ჩატარდება სამშაბათს და გამოვიდნენ, განცხადებები გააკეთონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა “ქართულ ოცნებას” რუსული ხელისუფლება უწოდა.
„როგორ წარმოგიდგენიათ ამ მავნებლურ ძალასთან კონსოლიდაცია? როგორ შეიძლება, საკუთარ ხელისუფლებას რუსული ხელისუფლება უწოდო? ალბათ, უნდა, ერთი და იმავე მეთოდებით ებრძოლოს პუტინს და ასევე საქართველოს ხელისუფლებას. „ნაციონალური მოძრაობას“ და მასთან ასოცირებულ პარტიებს მინდა შევახსენო, რეზოლუციის მეხუთე პუნქტში პირდაპირ არის დადანაშაულებული ქართველი სამხედროები 2008 წელს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებასა და კასეტური ბომბების გამოყენებაში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. ამ რეზოლუციას ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ესენი არიან მავნებლები. რა უნდათ, ვითარება არიონ საქართველოში და რის გამო? – როგორც იქნა, გონიერი ხელისუფლება ჰყავს საქართველოს და დამშვიდებული არიან შეძლებისდაგვარად ჩვენი მოქალაქეები. მსოფლიოში არც ერთი ნორმალური ადამიანი არ არსებობს, რომელსაც სოლიდარობა არ ჰქონდეს უკრაინელების მიმართ. ამ ყველაფერს ყველა განვიცდით. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი სახელმწიფოა პირველი ინტერესი.
რა გინდათ, ყველანაირად ჩართულები ვართ, მხარდაჭერასაც ვუცხადებთ უკრაინას და სიტუაციის არევა რატომ უნდათ? რისი თქმა უნდათ, საქართველოს ხელისუფლებაა პრორუსი და დაიწყოს აქციები და გამოსვლები? ვის უნდა საქართველოში არეულობა? – ეს არის ერთადერთი ძალა. არეულობა ხომ იცით, ვის აწყობს? სხდომა ჩატარდება სამშაბათს და გამოვიდნენ, განცხადებები გააკეთონ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.