ირაკლი ღარიბაშვილი- კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ, მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთონ უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაჩერებლად

კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ, მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთონ უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა და სამხედრო მოქმედებები აბსოლუტურად მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა აღმოუჩინოს. „კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ.

გუშინ ჩემს განცხადებაში ვთქვი, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა და სამხედრო მოქმედებები რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ჩვენ, საქართველო და ჩვენი ხელისუფლება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს და მეგობარ ხალხს. რა თქმა უნდა, ის, რაც უკრაინაში ხდება დიდი ტრაგედიაა. ამ ომით, რომელიც სამწუხაროდ ვერ იქნა შეკავებული და თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარალდება უკრაინა როგორც სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინელი ხალხი და უკრაინელი ჯარისკაცები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ომს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ეს ყველაფერი 2008 წელს ჩვენს თავზე გამოვცადეთ, როცა სამწუხაროდ, საუბედუროდ თავიდან ვერ იქნა აცილებული 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები, რამაც, რა თქმა უნდა, გახსოვთ ყველას, რომ ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ვინ დაზარალდა ამით?! რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი.

დაიხოცნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, დავკარგეთ ტერიტორიები, რუსეთმა მოახდინა ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ოკუპაცია და შემდეგ აღიარება. დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ომი ყველასთვის მიუღებელია. არც ერთ მხარეს არ ჰყავს გამარჯვებული იმიტომ, რომ ზიანი ორივე მხარეს მიადგება. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი მხრივ სოლიდარობა და მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შეჩერდეს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები