ოპოზიცია პლენარული სხდომის დარბაზის კარის გახსნას და რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობას ითხოვს
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის ყველა კარი დაკეტილია და საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს, რომელთა მიმართვის საფუძველზეც პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა, სასესიო დარბაზში შესვლის შესაძლებლობა ამ დრომდე არ აქვთ.
ოპოზიცია პლენარული სხდომის დარბაზის კარის გახსნას და რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობის მიცემას ითხოვს. ისინი მმართველ გუნდს ახსენებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ირღვევა, როგორც პარლამენტის რეგლამენტი, ისე საქართველოს კონსტიტუცია.
ცნობისთვის, დღეს 12:00 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომა იყო დანიშნული. სხდომის დღის წესრიგს უკრაინასთან დაკავშირებული საკითხი და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენა წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება. მანამდე, 24 თებერვალს, საპარლამენტო ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო სხდომის ჩატარების მოთხოვნით მიმართა, რასაც სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა, თუმცა “ქართულ ოცნებაში” განაცხადეს, რომ რიგგარეშე სხდომას არ დაესწრებიან.