ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი დავალებით, უკრაინის ელჩს საქართველოში, გადავეცით გზავნილი, რომ მზად ვართ, ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში
ჩემი დავალებით, გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრი ჩართული იყო და ეუთოს მინისტერიალზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირის ეგიდით იყო ორგანიზებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან. „რაც შეეხება ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მინდა გითხრათ, რომ ჩემი დავალებით, გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრი ჩართული იყო და ეუთოს მინისტერიალზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირის ეგიდით იყო ორგანიზებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, იქაც გამოვხატეთ სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
ჩემი დავალებით ასევე, უკრაინის ელჩს საქართველოში, გადავეცით გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ხაზს ვუსვამ. ასევე ევროსაბჭოშიც ჩვენ ასევე სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატეთ პოლიტიკური, უკრაინის მიმართ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიმართ და აქ, რა თქმა უნდა, არავითარი კითხვა არ არსებობს”, – აღნიშნა პრემიერმა.