გიგა ბოკერია: 100 წლის შემდეგ იმავე ბოროტების მემკვიდრე ემუქრება ჩვენს თავისუფლებას

დღეს დამატებით ტრაგიკული ამბავია, 100 წლის შემდეგ იმავე ბოროტების მემკვიდრე ემუქრება ჩვენს თავისუფლებას. დღეს უკრაინაში ხდება ის, რაც საქართველოში მოხდა 100 წლის წინ, – ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კოჯორში, იუნკერების მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ტრაგედია პირდაპირ ეხება საქართველოსაც.

„დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს თავისუფლებას და იმას, რომ ჩვენ გვქონოდა შანსი, მართალია – კარგა ხნის შემდეგ, მაგრამ კვლავ, თავისუფალი ქვეყანა რომ ვყოფილიყავით. ამავე დროს, გვახსოვს, რომ იმ დროს შემოჭრილმა, ბოროტების იმპერიამ თაობები გაწირა უბედურებისთვის, სისხლისღვრისთვის, რეპრესიებისთვის, იმისთვის, რისგანაც ჩვენ, ყველას გვინდა დღეს თავის დაღწევა და დღეს დამატებით ტრაგიკული ამბავია, რომ 100 წლის შემდეგ, ისევ, იმავე ბოროტების იმპერიის მემკვიდრე ემუქრება ჩვენს თავისუფლებას. დღეს უკრაინაში ხდება ის, რაც საქართველოში მოხდა 100 წლის წინ. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ შეიძლება რაღაცნაირად გავძვრეთ, ისე, რომ არ შევიმჩნიოთ ის საფრთხე, რომელიც ბოროტების იმპერიისგან, პუტინის რუსეთისგან მოდის. დღეს, ის ტრაგედია, რაც უკრაინაში ხდება, პირდაპირ გვეხება ჩვენ, არამარტო მორალურად, არამედ პირდაპირ, ჩვენს ბედს განსაზღვრავს. ჩვენ როგორ მოვიქცევით შემდეგ თვეებში, შემდეგ წლებში იქნება განმაპირობებელი იმის, ჩვენს შვილებს ექნებათ თუ არა შანსი, რომ უსაფრთხოდ იცხოვრონ, ისე, რომ ,,კადიროველების” ბოგინის საფრთხე არ ჰქონდეთ”, – განაცხადა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები