შალვა პაპუაშვილი: ყველა ჩვენგანის ვალია, ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ და ის ბრძოლა, რომელიც 101 წლის წინ მიმდინარეობდა, ბოლომდე მივიყვანოთ
ყველა ჩვენგანის ვალია, ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ და ის ბრძოლა, რომელიც 101 წლის წინ მიმდინარეობდა და წარმატებით ვერ დასრულდა, მივიყვანოთ ბოლომდე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ვიდრე ეს ბრძოლა გრძელდება, თითოეული ქართველის ვალია საქართველო გავამთლიანოთ.
„დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 101 წლის წინ საბჭოთა რუსული არმია, „წითელი არმია“ იპყრობდა საქართველოს. „წითელმა არმიამ“ შეძლო საქართველოს დაპყრობა და საქართველო რამდენიმე ათეული წელი იყო საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ. ეს ბრძოლა და ოკუპაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია და ვიდრე ოკუპაცია გაგრძელდება, ეს ბრძოლა გრძელდება. ყველა ჩვენგანის ვალია ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ და ის ბრძოლა, რომელიც 101 წლის წინ მიმდინარეობდა და წარმატებით ვერ დასრულდა, მივიყვანოთ ბოლომდე.
განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში მნიშვნელოვანია, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც რეგიონშია, ომის ფონზე, რაც მსოფლიო თანამეგობრობამ, სამწუხაროდ, უკრაინაში ვერ აიცილა თავიდან, საქართველო და ქართული საზოგადოება იყოს ერთიანი, მშვიდი, მტკიცე”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.