თეა სიჭინავა: „იმედის“ საქმეზე სააკაშვილის ბრალის წაყენებას არ ველოდებოდი
ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი თეა სიჭინავა მთავარი პროკურატურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის “იმედის” საქმეზე ბრალის წარდგენას არ ელოდა, თუმცა აცხადებს, რომ 7 ნოემბერთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
“7 ნოემბრის თემას რაც შეეხება, რაც დრო გადის, მით მეტი კითხვა ისმებოდა და რა თქმა უნდა, ვიდრე პასუხს არ მივიღებდით, ეს საკითხი ჩემთვის მუდმივად აქტუალური რჩებოდა. არ ვიცი რამდენად შეძლებს პროკურატურა ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანას, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რომ აუცილებლად 7 ნოემბერთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. იქნება ეს რუსთველზე თუ რიყეზე განვითარებული მოვლენები თუ ტელეკომპანია “იმედში” მომხდარი ფაქტი. მე ვთვლი, რომ დაზარალებული ვარ იმის გამო, რაც “იმედში” 7 ნოემბერს მოხდა. ძალიან მაინტერესებს რა პასუხს დადებს პროკურატურა “იმედთან” დაკავშირებით. დიდი ინტერესით ველოდები ამ გამოძიებას, სასამართლო პროცესებიც ძალიან საინტერესო იქნება. ვერ გეტყვით, რომ სააკაშვილის ბრალის წაყენებას ველოდებოდი. მთავარია, გამოძიებამ რა აჩვენა. თუ საქმის მასალებიდან გამომდინარე გამოჩნდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბრალეულობა იკვეთებოდა არ ვიცი, ვნახოთ, ყველაფერს გამოძიება დაადგენს”, – განაცხადა თეა სიჭინავამ.