იგორ დოლგოვი: საქართველო უკრაინის სტრატეგიული პარტნიორია, ძალიან აღელვებულები ვართ, რომ ვხედავთ თქვენს მხარდაჭერას
“საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ძალიან აღელვებულები ვართ, რომ ვხედავთ თქვენს მხარდაჭერას”,- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, მხარდაჭერის გამოსახატავად საელჩოსთან დილიდან ბევრი მოქალაქე იყო შეკრებილი, რაც ამაღელვებელია.
„საქართველო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. მე დილიდან მქონდა კონტაქტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტთან. ასევე გავმართე შეხვედრა პარლამენტის სპიკერთან. ასევე მივდივარ საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ გავმართო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. ჩვენ ძალიან აღელვებულები ვართ, რომ ვხედავთ თქვენს მხარდაჭერას არა მხოლოდ ოფიციალურ დონეზე. დღეს დილიდან საელჩოსთან ვხედავთ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს, უკრაინის მოქალაქეებს, სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რათა მხარდაჭერა გამოხატონ უკრაინის მიმართ. მე და ჩემი მეგობრები მთელი დღის განმავლობაში ვიღებთ ძალიან ბევრ ზარს საქართველოს მოქალაქეებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, საქმიანი წრეებიდან, რომლებიც გვეკითხებიან, გვითხარით, რა გჭირდებათ. რა თქმა უნდა, დახმარება არის საჭირო, ვინაიდან, შეიარაღებული აგრესიის გამო უკრაინამ დაკეტა თავისი საჰაერო სივრცე. ავიამიმოსვლა თბილისს და კიევს შორის, ასევე უკრაინის სხვა ქალაქებს შორის შეჩერებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინელებს, რომლებიც საქართველოში არიან, ასევე ქართველებს, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან, არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარ სამშობლოში, ნათესავებთან და მეგობრებთან ჩამოვიდნენ”, – განაცხადა დოლგოვმა.