ზაალ ანჯაფარიძე: რუსეთ-უკრაინის ომი ჩვენს ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს

ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე რუსეთის შეჭრას უკრაინაში და აღნიშნულ ვითარებაში საქართველოს როლს “კვირასთან” საუბარში აფასებს.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

როგორც ექსპერტი ამბობს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები ფრთხილია, რადგან მას შექმნილი მდგომარეობა კარგად აქვს გაცნობიერებული.

“მე ვიტყოდი, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა პირველი გავლენა უკვე იქონია ჩვენს ეკონომიკაზე, ლარი გაუფასურდა. ეს ნეგატიური გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, ალბათ, გარკვეული პერიოდი გაგრძელდება, ვინაიდან ეკონომიკა დაკავშირებულია რუსეთისა და უკრაინის ეკონომიკასთანაც.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ რუსეთმა შესაძლოა, გარკვეული ქმედებები საქართველოს მიმართაც განახორციელოს – არ ვიზიარებ. ორ ფრონტზე ბრძოლა ისეთი ძლიერი სახელმწიფოსთვისაც კი, როგორიც რუსეთია, ძალიან რთულია. რუსეთის მიზანია, ჩამოშალოს უკრაინის ხელისუფლება, იქ დასვას საკუთარი მარიონეტები, დააშოროს ევროპას. აი, ამის შემდეგ შეიძლება, ველოდოთ რუსეთის მხრიდან გარკვეული ქმედებების განხორციელებას საქართველოს წინააღმდეგ. მით უმეტეს, მოვისმინეთ პუტინის განცხადებები.

საქართველოს როლს ვხედავ იმაში, რომ ყველანაირი დახმარება რაც კი შეუძლია უნდა გაუწიოს უკრაინას. მაგრამ ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ როგორი მოწყვლადი აღმოჩნდა უკრაინა მიუხედავად მისი სამზადისისა. ასევე ვხედავთ, რომ დასავლეთიდან განცხადებების მეტი ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა. ჩვენც უკრაინის მსგავსად მოწყვლადები ვართ, მით უმეტეს, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და სულ ახლოს დგანან რუსი ოკუპანტები.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას – ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ ფრთხილები არიან. კარგად აქვთ გაცნობიერებული ის ვითარება, რაც დღესაა შექმნილი. ალბათ, ფიქრობენ, რომ უფრო მეტი აქტიურობა მართებს დიდ სახელმწიფოებს. მიმაჩნია, რომ მათი სიფრთხილე ამ შემთხვევაში სწორია – ნემსის ყუნწში უნდა გავძვრეთ”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები