გერმანიის ელჩი: იქნება სანქციები, რომლის მსგავსიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს

საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში უკრაინის საელჩოში, ელჩთან შეხვედრაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან რუსეთის სამხედრო აგრესიას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეხვედრა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვას ემსახურება.

„დღეს ჩვენ მოვედით აქ, რათა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. ევროკავშირის ლიდერები დღეს შეხვედრას გამართავენ, რათა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესონ. ეს იქნება სანქციები ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროებში. მე არ ვფიქრობ, რომ დღეს დიპლომატიამ კრახი განიცადა. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უგულებელყო დიპლომატია და საერთაშორისო წესრიგი, არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არასწორია. მჯერა, რომ საბოლოოდ ეს პრინციპები გაიმარჯვებენ“, – განაცხადა ქნირშმა.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მათ რეზონანსულობას, გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ ის იქნება უპრეცედენტო.

„ეს იქნება სანქციები, რომლის მსგავსიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს. ეს არის ძალიან ძლიერი სანქციები. ჩვენ ვიცით, რომ გერმანული ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. ამასთან გერმანიამ შეაჩერა Nord Stream 2-ის მილსადენი. ეს არის სანქციები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკაზე უკვე გავლენას ახდენენ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ, როგორ შეიცვალა რუსეთის საფონდო ბირჟები. სამწუხაროდ, ეს იქნება ძალიან მტკივნეული რუსეთში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის“, – აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები