რა შედეგები შეიძლება, მოყვეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და რა როლი აქვს საქართველოს აღნიშნულ ვითარებაში, ამ და სხვა მიმდინარე მოვლენებზე “კვირასთან” პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ამ სიტუაციაში წინა ხელისუფლების დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალება აქვს.
“უკრაინაში მიმდინარე პროცესები ჩვენთან კავშირშია. რაც ჩვენ 2008 წელს გავიარეთ, ზუსტად ის ხდება ახლა უკრაინაში. ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ჩუმადაა იმ იმედით, რომ რუსეთი ვერ შეგვამჩნევს. ეს ასე არ არის იმიტომ, რომ თუ, ერთი მხრივ, რუსეთი “ვერ შეგვამჩნევს”, მეორე მხრივ, ევროპა ნახავს, თუ როგორი უინტერესო ქვეყანა ვართ მათთვის. ამიტომ, საჭიროა აქტიურობა, მეტი განცხადება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ხმამაღლა აღიარება, რომ ვდგავართ თავისუფლების, მშვიდობის სადარაჯოზე.
როგორც გვახსოვს, დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მიერ 2008 წელს გადადგმულ ნაბიჯებს უარყოფითად აფასებდა, აკრიტიკებდა და დღესაც ასეა, მათ ქმედებებს არასწორ ნაბიჯებს უწოდებს. ამიტომ, “ქართულ ოცნებას” სწორედ დღეს აქვს იმის ისტორიული შანსი, რომ ძველი შეცდომები გამოასწოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატო-ც დაკარგავს ჩვენს მიმართ ინტერესს, ახლა უკრაინაზე გადის თავისუფლების ხაზი.
ზუსტად ამიტომ ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხელისუფლების მხრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპა საქართველოს მიმართ ინტერესს დაკარგავს”, – განუცხადა “კვირას” ზაქარეიშვილმა.