ზელენსკის ოფისი: რუსეთის მიზანია უკრაინის ხელმძღვანელობის შეცვლა, პანიკის დათესვა და საკუთარი ძალაუფლების დამყარება
რუსეთის მთავარი განზრახვაა უკრაინის უმაღლესი ხელმძღვანელობის შეცვლა, მაქსიმალურად პანიკის დათესვა და მარიონეტული ძალაუფლების დამყარება.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა ბრიფინგზე განაცხადა.
ის აღნიშნავს, რომ მოსკოვს უკრაინის ნაწილის მოწყვეტა სურს.
„სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს აღმოსავლეთში: სუმიში, ხარკოვში, ხარკოვის მახლობლად და უკრაინის სამხრეთით, ხერსონის ოლქსა და ოდესის ოლქში. რუსების ტაქტიკა უკვე სრულიად ნათელია: მათ სურთ, ქვეყანას გარკვეული ნაწილი მოსწყვიტონ და იქ შედიან დიდი კოლონებით“, – თქვა მან.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იქ „საკმაოდ ეფექტურად“ მუშაობენ და რუსებს დიდ ზიანს აყენებენ.
„რაც შეეხება ვერტმფრენებიდან, ან გემებიდან დესანტის დაშვებას, დაშვებას, ეს არის ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა რიგ დიდ ქალაქში. პირველ ყოვლისა, ეს არის ხარკოვი და კიევი. მთავარი ამოცანა, როგორც მე მესმის და ახლა უკვე გასაგებია, ეს არის ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის შეცვლა, მაქსიმალური პანიკის დათესვა. ამის შემდეგ, ვინმე მოიყვანონ აქ, რომ არ იყოს ლეგიტიმური მთავრობა. ამის შემდეგ, შეეცდებიან ვინმე მარიონეტის მოყვანას და რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ დოკუმენტების მიღებას“, – თქვა პოდოლიაკმა.