მიხეილ სააკაშვილი – ხელისუფლებას: მოგმართავთ, რომ მოახდინოთ ჩემი სამედიცინო ტრანსფერი კიევში, პირობას ვდებ, პირველივე გამოძახებაზე ჩამოვალ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კიევში სამედიცინო ტრანსფერით გადაიყვანონ.
„თქვენ იცით, რომ ციხეებში გადატანილი ტრავმების შედეგად განმივითარდა მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა. მართლა მეცოდებიან ციხის ექიმები, რომლებიც ძალიან რთულ პირობებში არიან, რომ ეს სიმპტომები დაასტაბილურონ, რადგან სიმპტომები სულ უფრო მძიმდება. ეს დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს. მოგმართავთ, რომ დათანხმდეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას და მოახდინოთ ჩემი სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევში. გადამივადოთ განაჩენი დროებით, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. ჩემი ოფისი განლაგებულია პირდაპირ პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის გვერდით და დღესაც მუშაობს, სხვათა შორის, მათთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. როგორც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და, ზოგადად, სიტუაცია ოდნავ დასტაბილურდება, ამის შემდეგ პატიოსან სიტყვას გაძლევთ და მე ჩემს სიტყვას არასდროს ვარღვევ, ვთქვი, რომ ჩამოვიდოდი და ჩამოვედი, ვიცოდი, რით დამთავრდებოდა. თუ გადაწყვეტთ ამ სისხლის სამართლებრივი დევნის გაგრძელებას, რომელსაც უსამართლოდ მივიჩნევ, პირველივე გამოძახებაზე თბილისში ჩამოვალ. თქვენ იცით, რომ ეს ასე იქნება, თუ, რა თქმა უნდა, ცოცხალი დავრჩი იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ ხდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.