თამარ ტალიაშვილი: ზოგადი განათლების რეფორმირებით ადამიანური კაპიტალის განვითარება სახელმწიფო მდგრადობის ფუნდამენტია
თამარ ტალიაშვილმა, ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელმა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საბჭოს სხდომა გამართა, სადაც „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონპროექტში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში თამარ ტალიაშვილმა უკრაინასთან დაკავშირებით მხარდამჭერი პოზიცია გააჟღერა. მან ასევე აღნიშნა, რომ “განათლებაზე ზრუნვა ყოველთვის დროულია, რადგან სწორედ განათლების რეფორმირებით ადამიანური კაპიტალის განვითარება სახელმწიფო მდგრადობის ფუნდამენტი და ქვეყნის ერთიანობის საფუძველია.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და აქტიურად იყო ჩართული განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი. საბჭოს სხდომაზე კანონპროექტთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილე თამარ მახარაშვილთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა მარგიშვილთან და განათლების ექსპერტებთან, მეცნიერებთან, მკვლევარებთან ერთად საქმიანი დისკუსია გაიმართა.
ექსპერტების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები და გაჟღერდა რეკომენდაციები. თამარ ტალიაშვილის განცხადებით დაიგეგმება თემატური შეხვედრის გამართვა ზოგადი განათლების რეფორმის უფრო ვიწრო ცალკეულ საკითხებზე საბჭოს ფორმატში.