ირაკლი ღარიბაშვილი: კონდოლიზა რაისისა და სხვა ამერიკელი მეგობრების შეფასებით, 2008 წელს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო

კონდოლიზა რაისისა და სხვა ამერიკელი მეგობრების შეფასებით, 2008 წელს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისთვის სახელმძღვანელო ის მოღალატეობრივი რეზოლუციის ტექსტია, სადაც ნათლად წერია, რომ სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო და ამ დოკუმენტს სააკაშვილის დავალებით მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა.

“მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავიხსენო რამდენიმე დღის წინ კონდოლიზა რაისის ინტერვიუ, რომელიც “CNN”-ის ეთერში გავრცელდა, სადაც ის ახსენებს, რომ ამერიკის მთავრობა იმ დროინდელ პრეზიდენტს, სააკაშვილს არწმუნებდა, რომ რუსეთი აპირებდა ომს და სააკაშვილს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ამის თავიდან ასაცილებლად. სხვა ამერიკელი მეგობრების კომენტარებიც მახსოვს, წამიკითხავს და ჩვენს საზოგადოებას ახსოვს, რომ 2008 წელს ომი არ იყო გარდაუვალი, ანუ ამ ომის აცილება სავსებით შესაძლებელი იყო. ჩემთვის სახელმძღვანელო ის კაპიტულანტური, მოღალატეობრივი დოკუმენტი, რეზოლუციის ტექსტია, რომელზეც სააკაშვილის დავალებით მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა, სადაც ნათლად, შავით თეთრზე წერია, რომ სამხედრო მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ. წარმოიდგინეთ, როგორი მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინეს. ამ ყველაფერზე ხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ მოაწერა. ახსნა არ აქვს ამას. ჩემთვის და ჩვენთვის მთავარი შედეგია. იქ ხალხი დაიღუპა, ჩახოცეს ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ჩააბარეს კოდორი, ასობით სოფელი და რაც მთავარია, ამ ყველაფერს, გაუთვლელ პროვოკაციას აღიარება მოჰყვა, რომელსაც ბუნებრივია, პროვოკაციით უპასუხეს და ამ ყველაფერს ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დღეს, აღიარებამდე ზელენსკის რომ დაეწყო აქტიური სამხედრო მოქმედებები, იქნებოდა თუ არა შეცდომა?! რა თქმა უნდა, შეცდომა იქნებოდა”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები