ბათუმის პორტში შემოტანილი გაყინული ქათმის ბარკალი გაფუჭებული აღმოჩნდა
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ბათუმის პორტის საბაჟო – გამშვებ პუნქტზე, უკრაინიდან, 39 213 კილოგრამი გაყინული ქათმის ბარკლის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. გაყინული ქათმის ბარკალი გაფუჭებული აღმოჩნდა. აღნიშნული ტვირთი ბათუმის პორტში 2 სატვირთო ავტომანქანით შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარის მიერ განხორციელებული ფიზიკური შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საქონლის გადაზიდვისას ტემპერატურული რეჟიმი იყო დარღვეული. საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, ვადაგასული გაყინული ტვირთი განადგურებას ექვემდებარება.