წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალეში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი მოზარდი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო მოზარდის მდგომარეობა, ზუგდიდის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, სტაბილურია.
სოფელ ჭალეს რწმუნებულის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
’’მერსედესის’’ მარკის ავტომობილს მსუბუქი მანქანა შეეჯახა,რომელსაც ქალი მართავდა. ქალის მანქანაში სამი მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა,‘’ – უთხრა ‘’კვირას’’ სოფელ ჭალეს რწმუნებულმა ავთანდილ მანიამ.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერ -ჯერობით უცნობია.
არსებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცს მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
დამატებით დეტალებს ‘’კვირა’’ შსს-ში არკვევს.