შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული: ალბათ, იმ დღეს ჩემში ღმერთზე მეტი ეშმაკი იყო – რაც უნდა გამოიტანოთ განაჩენი, არ გავასაჩივრებ
დღეს, ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, რაფაელ მურსაკულოვის სასამართლო პროცესი გაიმართა. საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულმა შანაი ბრუკის ოჯახს ბოდიში მოუხადა.
“დღემდე ამაზე საერთოდ არ მისაუბრია, არც იქნებოდა სწორი – რამეზე მელაპარაკა. აქ მანდილოსნები სხედან და ბოდიშს ვუხდი ყველა მანდილოსანს. არ ვარ ასეთი ადამიანი, იმ დღეს მე ჩემი თავი ვერ გავაჩერე. ალბათ, იმ დღეს ჩემში ღმერთზე მეტი ეშმაკი იყო. როცა ამ ქვეყნის შვილი ხარ, ასე არ უნდა შეგეშალოს და მე შემეშალა. მე ამ ქვეყანას, ხალხს ვუხდი ბოდიშს, იმ ადამიანის ოჯახს ვუხდი ბოდიშს, ეს არის დანაკლისი, რასაც ვერ ავანაზღაურებ. უბრალოდ, მაპატიეთ. რაც უნდა გამოიტანოთ განაჩენი, ხმას არ ამოვიღებ, არ გავასაჩივრებ, ბოლომდე დავდგები”, – განაცხადა მურსაკულოვმა სასამართლო სხდომის დარბაზში.
შეგახსენებთ, შანაი ბრუკის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. შსს-მ 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 8 სექტემბერს დააკავა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.