გივი მიქანაძე: ყველა ნაბიჯი, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად იქნება გადადგმული, მაქსიმალურად კოორდინებული იქნება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან
“ყველა ნაბიჯი, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად იქნება გადადგმული, მაქსიმალურად კოორდინებული იქნება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული აქტივობის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ნებისმიერი მხარდამჭერი ნაბიჯი გადადგას.
“ის, რაც გუშინ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყოველგვარი საერთაშორისო სამართლის ნორმების იგნორირებით მოხდა – სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერა და კონკრეტული რეგიონების “დამოუკიდებლობის” აღიარება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციამ სრული იგნორირება მოახდინა საერთაშორისო სამართლის დადგენილი ნორმების და კონკრეტული ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა მოახდინა. ეს არის ერთი-ერთში ის სცენარი, რომელიც 2008 წელს საქართველოში განხორციელდა. საქართველოს პირველმა პირებმა მყისიერად გააკეთეს განცხადებები და დაგმეს ეს ამ რეგიონების “აღიარება”. რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს უნდა იქნეს განხილული საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების ერთობლივი კოორდინაციით გამომდინარე საჭიროებიდან, მაგრამ აღნიშნული საკითხი, როგორც სხვა ყველა სხვა, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად იქნება გადადგმული, მაქსიმალურად კოორდინებული იქნება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. კონკრეტული აქტივობის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ნებისმიერი მხარდამჭერი ნაბიჯი გადადგას”, – განაცხადა მიქანაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა გუშინ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.