ხათუნა სამნიძე: სააკაშვილის მხრიდან ბრძოლის უკიდურესი ზომის არჩევა სწორი არ არის, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებაში არაჰუმანური ძალაა
“მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბრძოლის ასეთი უკიდურესი ზომის არჩევა არ არის სწორი, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებაში არაჰუმანური ძალაა”, – ასე გამოეხმაურა “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, ხათუნა სამნიძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყებას.
მისივე თქმით, სააკაშვილი მმართველი გუნდის პირადი პატიმარია.
“მიხეილ სააკაშვილი ამ ხელისუფლების პატიმარია და ყველა ჯერზე, როცა დასჭირდება “ქართულ ოცნებას”, რომ ოპოზიციის და საზოგადოების ყურადღება სხვაგან გადავიდეს, იყენებს ამ ფაქტს და არაადამიანური მოპყრობით თუ სხვა მეთოდებით ცდილობს, მთელი ყურადღება გადაიტანოს ამ მიმართულებით. ის არის “ქართული ოცნების” პირადი პატიმარი. სააკაშვილის მხრიდან ეს გადაწყვეტილება და ბრძოლის ასეთი უკიდურესი ზომის არჩევა არ არის სწორი, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებაში არის არაჰუმანური ძალა, არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისგან ამას მოჰყვება სასიკეთო რეაგირება ოპოზიციისთვის, პირველ რიგში თავად სააკაშვილისთვის. “ქართული ოცნება” არაჰუმანური ძალაა და ის არაფრად აგდებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არა მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებით, ამაზე მეტყველებს ზოგადად ის ვითარება, რაც არის ქვეყანაში”, – განაცხადა სამნიძემ.