გია ვოლსკი: საქართველო არა თუ მივიწყებულია, არამედ ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებს აღელვებთ
“არა თუ გულუბრყვილო, არამედ დამაზიანებელია პოზიცია, რასაც უწევენ ექსპლუატაციას ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები”, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ კითხვას – “რატომ არ ჰქონდა შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრს დასავლელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში”.
ვოლსკის თქმითვე, საქართველო ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებს აღელვებს.
“არა თუ გულუბრყვილო, არამედ დამაზიანებელია პოზიცია, რასაც უწევენ ექსპლუატაციას ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, თითქოს დალაპარაკებას, გასაუბრებას, წარმოჩენას ან ხმამაღალ შეყვირებას რაიმე შედეგი შეიძლება ჰქონდეს იმ კონტექსტში, რაც დღეს მიმდინარეობს. მიუნხენის კონფერენციის მონაწილე ქვეყნებს იმის შეხსენება არ სჭირდებათ, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს შექმნილი ვითარება. ის, რომ საქართველოზე არ არის საუბარი მუდმივად, იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს თემა დღის წესრიგში უმაღლეს დონეზე არ არის. აშკარაა დაპირისპირება. საქართველოს პოზიცია აშკარაა და ამ აშკარა პოზიციიდან გამომდინარე პროცესებში მეტი ჩაღრმავება გვმართებს. ქვეყნდება უამრავი მასალა, თუ რას წარმოადგენს საქართველო მსოფლიოსთვის. საქართველო არა თუ მივიწყებულია, არამედ ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებს აღელვებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.