შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის ოქმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას
„მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის ოქმს საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის და შევთანხმდით, რომ ამ ხელშეკრულების გამოყენებით და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების გზით, წვლილს შევიტანთ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის ურთიერთთანამშრომლობის ოქმის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.
გაფართოებული შეხვედრის და ურთიერთთანამშრომლობის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა და მუსტაფა შენთოფმა მედიასთან ოფიციალური განცხადებები გააკეთეს. შალვა პაპუაშვილმა თურქეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, მუსტაფა შენთოფს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რთულ პერიოდში მეგობრების გვერდში დგომა მნიშვნელოვანია. „რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია მეგობრების გვერდში დგომა. ამიტომ მოხარული ვარ და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს, მუსტაფა შენთოფს. მუსტაფა შენთოფმა კიდევ ერთხელ გამოხატა თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, რეგიონული მშვიდობისა და კეთილდღეობის მიმართ. მსურს, პირადად მას, თურქეთის რესპუბლიკას და თურქ ხალხს მადლობა გადავუხადო ამ ურყევი მხარდაჭერისთვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ხელმოწერის ცერემონიამდე გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან, ნდობაზე დაფუძნებულ, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„წელს სრულდება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30-ე წლისთავი. ამ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობამ დიდი გზა განვლო და დინამიურად განვითარდა პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურის თუ განათლების სფეროებში. ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნასთან ერთად, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. მუსტაფა შენთოფთან ერთად დეტალურად ვისაუბრეთ პარლამენტთაშორისი კავშირების განმტკიცების შესაძლებლობებზე.
განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის ოქმს საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის. შევთანხმდით, რომ ამ ხელშეკრულების გამოყენებით და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების გზით, წვლილს შევიტანთ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში. შეხვედრაზე, ასევე, მიმოვიხილეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების კომპლექსური გარემო. ხაზი გავუსვით რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნების შემდგომი განვითარებისთვის. ამასთანავე, განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება და ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე მდგომარეობა”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.