საპატრიარქო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობის კადრებს ეხმაურება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთი სამონაზვნო პირი მეორეს.
მათი თქმით, ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია, უზნეობის გამოსწორების ნაცვლად, ის აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს.
”აღნიშნული ვიდეოს გავრცელებისთანავე, საქართველოს საპატრიარქომ დაიწყო ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი მორჩილები არიან.
დეტალების დაზუსტების მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის ეპარქიასთან, რის შემდეგაც საზოგადოებას ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით ამ უზნეო და ყოვლადმიუღებელი ფაქტის შესახებ.
ამასთან, კიდევ ერთხელ გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია, უზნეობის გამოსწორების ნაცვლად ის აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.