გიორგი თარგამაძე: პროკურატურის განცხადება „იმედის“ თანამშრომლების ჩვენებას ეყრდნობა

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო-პოლიტიკური პროგრამის ყოფილი დირექტორის გიორგი თარგამაძისთვის პროკურატურის მიერ „ტელეიმედის“ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნისთვის ბრალის წარდგენა მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც თარგამაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ის დეტალები, რაც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მას და „იმედის“ ჟურნალისტებს საკუთარ ჩვენებებში ჰქონდათ დააფიქსირებული. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ პროკურატურას ჩვენება დაახლოებით ერთი თვის წინ მისცა.
„ტელეიმედის“ დარბევისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ნაწილში პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ეყრდნობა „ტელეიმედის“ ჟურნალისტების ჩვენებას, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბერში მივეცით სახალხო დამცველის აპარატს. შემდეგ ამ ჩვენების რამდენჯერმე გამეორება მოგვიწია პროკურატურისთვის. რამდენადაც მე ვიცი, „ტელეიმედის“ სხვა თანამშრომლებმაც ანალოგიური ჩვენებები მისცეს, რაც მე. ერთი თვის წინ მივეცი პროკურატურას იგივე ჩვენება ისევე, როგორც ჩემმა ძველმა თანამშრომლებმა“, – განაცხადა თარგამაძემ და იქვე აღნიშნა, რომ „ტელეიმედის“ საქმე პოლიტიკური ბრალდებებიდან სამართლებრივ ჭრილში გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ.
უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილოის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები