თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობის ევაკუაციის გამოცხადების შემდეგ, საცხოვრებელი 61 ათასმა ადამიანმა დატოვა.
ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ამ რაოდენობის ადამიანის მიღების შესახებ აცხადებენ რუსეთში.
დილიდან რუსული მედია ავრცელებს ლტოლვილების მიღებისა და მათი განთავსების კადრებს.
ხალხის მიღებაზე რუსეთის სხვადასხვა რაიონი აცხადებს მზადყოფნას. ასევე, ცნობილია, რომ მათ, ვინც რუსეთის საზღვარს გადაკვეთს, 10 ათას რუსულ რუბლს მისცემენ.
თუმცა, კიევში აცხადებენ, რომ ევაკუირებული ხალხი უკან ბრუნდება, “რადგან მათ არავინ აჭმევს და არც ასახლებს”.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინული ტელეარხის “1+1”-ის ეთერში დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ უკრაინის მოქალაქეები თითქოს მასიურად ტოვებენ დონბასს და რუსეთში მიდიან – ფარსია. მათ სანახაობრივად რამდენიმე ათასი გაიყვანეს. ჩვენს დაზვერვას აქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ხალხი სახლში ბრუნდება თავისით, რადგან იქ არავინ აჭმევს, არავინ ასახლებს. ეს “მოსფილმისთვის” არის დადგმული ან ვინც იქ ფილმებით არის დაკავებული“, – თქვა რეზნიკოვმა.