ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილია უკრაინაში ომის არდაშვება
“ჩვენი სურვილია უკრაინაში ომის არდაშვება, თუმცა ტენდენცია არის ძალიან ცუდი და შეიძლება შეუქცევადი ნეგატიური პროცესები მივიღოთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა და პოზიცია მკაფიოა.
“საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც საპარლამენტო რეზოლუციის დონეზე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი პოზიცია ამ თვალსაზრისით არის, რა თქმა უნდა, მკაფიო. სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ არის ძალიან მკაფიო და ჩვენი სურვილი ისევ და ისევ არის პირველ რიგში უკრაინაში ომის არდაშვება, თუმცა ტენდენცია არის ძალიან ცუდი, ძალიან სამწუხარო და შეიძლება მივიღოთ შეუქცევადი ნეგატიური პროცესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით გვექნება ჩვენი პოლიტიკური რეაქცია, სხვადასხვა განვითარების შემთხვევაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ მადლობელია იმ ქვეყნების, ვინც უკრაინას მხარში უდგას. “მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.