ჰარისმა აშშ-ის მხრიდან უკრაინას მხარდაჭერა დაუმოწმა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციის დროს, 19 თებერვალს, პირველი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე უკრაინის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. აღნიშნულის შესახებ ორივე ლიდერი სოციალურ ქსელში იტყობინება.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ რუსეთის აგრესიის პირობებში უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.
„რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალების მობილიზების პირობებში შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარი მიუნხენში, ჩვენ მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ჰარისი.
ზელენსკიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ მხარეებმა უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დიპლომატიური გზების მოძიების გაგრძელების თაობაზე მოილაპარაკეს.
„მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ჩავატარე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან კამალა ჰარისთან. ერთმანეთს გავუზიარეთ უკრაინის უსაფრთხოების შესახებ ვითარების შეფასებები. საერთო აზრი გვაქვს, რომ უნდა ვეძიოთ დეესკალაციის დიპლომატიური გზები. ვაფასებ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში“,- წერს ზელენსკი.