გიორგი ცუცქირიძე: მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციამ, რომელსაც რუსეთი არ დაესწრო აჩვენა, რომ დიპლომატიური რესურსი შეზღუდულია, იმდენად რამდენადაც თავად რუსეთის არჩევანია მწირი
მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციამ, რომელსაც რუსეთი არ დაესწრო აჩვენა, რომ დიპლომატიური რესურსი შეზღუდულია, იმდენად რამდენადაც თავად რუსეთის არჩევანია მწირი, მას შემდეგ რაც დასავლეთმა რუსულ ულტიმატუმს ცივი წყალი გადაასხა. დასავლეთი არც ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების დეზავიურებას არ დათანხმდა და მით უმეტეს არც 1997 წლის სტატუს კვოს აღდგენას, – ამის შესახებ ექპსერტი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მიუნხენის კონფერენციაზე ისიც გამოჩნდა, რომ დასავლეთმა რეალურად გაითავისა როგორც 2014 წლის ყირიმის ანექსიის პოლიტიკური შედეგები, ასევე საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გაკვეთილები, როდესაც რუსეთის მიმართ არ გატარდა ერთიანი და კოორდინირებული უფრო პრინციპული პოლიტიკა.
ბევრმა მაღალი რანგის უცხოელმა დიპლომატმა და სახელმწიფო მოღვაწემ, მათ შორის აშშ სახელმწიფო მდივანმა ტონი ბლინკენმა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზეც აღნიშნა, რომ რაც დღეს დონეცკის ოლქში ხდება თავისი პროვოკაციული და დეზინფორმაციული ხასიათით ძალზე ჰგავს რუსეთის ქმედებებს 2008 წელს საქართველოში შემოჭრის დროს, რასაც ქართული ტერიტორიების უკუპაცია და აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მოჰყვა.
მართალია, 17 თებერვალს რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რუსეთში, ჯონ სალივანს გადასცა რუსეთის მიერ წამოყენებული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მორიგი წერილი, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვა მის მიერვე წამოყენებული უსაფრთხოების გარანტიების დაკმაყოფილება, მაგრამ ამას უკვე ფორმალური ხასიათი აქვს. არავინ რუსულ ულტიმატუმზე დათანხმებას არ აპირებს, გერმანიასაც კი არასდროს ჰქონია მისი გაერთიანების შემდეგ ასეთი მკვეთრი პოზიცია რუსეთის ქმედებებზე.
დღეს რუსეთს, ფაქტობრივად სხვა არჩევანი არც რჩება, მან არა მხოლოდ წმინდად წააგო დიპლომატიური ომი დასავლეთთან, არამედ მიიღო დასავლეთის ერთიანი ფრონტი და ნატო ნატოში, ბრიტანეთის-პოლონეთ-უკრაინის ალიანსის სახით, 100 მილიონიანი მოსახლეობით, რომლის ეკონომიკაც 2.5 აღემატება რუსეთის ეკონომიკას.
აქედან გამომდინარე, პუტინის ამოცანა ახლა მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გადარჩენაღა რჩება. რუსეთს ფართო ინტერვენცია კიევისკენ გაჭრით, ძალიან ძვირი დაუჯდება, ფინანსური, სამხედრო თუ ადამიანური დანაკარგებით, რადგან მას ომი, აშშ ის ფაქტორის გარეშეც, ფაქტობრივად ამ ალიანსთან მოუწევს, სადაც უკრაინას ზურგს ვარშავაც გაუმაგრებს და ლონდონიც, იარაღის მიწოდებითაც და ცოცხალი ძალითაც.
ერთადერთი, რაც პუტინის რეჟიმს მაქსიმუმ შეუძლია გააკეთოს, პროვოკაციების გზით და რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის აპრობირებული მეთოდით მოახდინოს დონეცკის და ლუგანსკის ოკუპაცია და დუმის დადგენილება მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე იურიდიულ დოკუმენტად აქციოს. ამის მაგალითია თუნდაც ბოლო დღეებში კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მიერ დეზინფორმაციის გავრცელება, მათ შორის დონბასის რეგიონში „გენოციდის თაობაზე“, რაც ერთი ერთში იმეორებს ცხინვალის ოპერაციას. რუსეთს ძალზე გაუჭირდება ყირიმში ფანჯრის გაჭრა მარიუპოლიდან, რაც ყირიმთან სახმელეთო მისასვლელით რუსეთთან კავშირს უზრუნველყოფს.
თუ ეს სცენარი განხორციელდა, რუსეთი დაემშვიდობება “ჩრდილოეთ ნაკად2”-საც და მიიღებს უმძიმეს სანქციებსაც უცხოეთის ბანკებში რუსული აქტივების გაყინვით და არც “სვიფტიდან” რუსეთის გათიშვა იქნება გამორიცხული, რასაც წამყვანი რუსული კომპანიების აქციების კატასტროფული ვარდნა, უცხოური კაპიტალის ქვეყნიდან მასიური გადინება და რუსული ეკონომიკის ჩამოშლაც კი შეიძლება მოყვეს.
ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, და არა მხოლოდ ეკონომიკაზე ამ მოსალოდნელი კონფლიქტის ნეგატიური ზეგავლენის გამო, არამედ პირველ რიგში უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით.
ქართული პოლიტიკა შიდა არაფრისმომცემი კინკლაობის რეჟიმიდან საერთაშორისო მხარდაჭერის ერთიან სტრატეგიაზე უნდა გადაერთოს, ეს აშშ-სთან როგორც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაძლიერებული გარანტიების მიღებასაც ეხება და ახალ ბრიტანულ ღერძთანაც ურთიერთობის გაღრმავებასაც. ყველა სხვა პოტენციური ფორმატი, ამ ეტაპზე ნატოს გაფართოება იქნება თუ რეგიონალური 3+3 ფორმატი, რომელიც ისედაც საეჭვო იყო, ჩავთვალოთ აღარ დგას დღის წესრიგში” – წერს ცუცქირიძე.