უკრაინის თავდაცვის უწყება: დონბასში სროლის შედეგად, ერთი სამხედრო დაიღუპა
უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გუშინ ღამით საოკუპაციო ძალებმა 19-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და 16-ჯერ იყო გამოყენებული მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღება. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს.
მედიის ცნობით, უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება მესამე დღეა, დაძაბულია. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები, ისე უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების არაერთ დარღვევას აფიქსირებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ოკუპანტი ქვეყანა ავრცელებს ყალბ ახალ ამბებს, რათა უკრაინის “თავდაცვის ჟინი გატეხოს”.
„უკვე მესამე დღეა, გრძელდება ჩვენი სამხედროების პოზიციების მისამართით ცეცხლი და სროლა. ესვრიან საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს. მტერი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აწყობს ტერაქტებს. მტერი ავრცელებს სიცრუეს და ყალბ ახალ ამბებს, რათა ჩვენი თავდაცვის ჟინი გატეხოს. ახლა არის გაერთიანების დღე, რათა მოვიხსენიოთ ყველა, ვინც დაიღუპა სამშობლოსთვის ბრძოლაში. ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს თავისუფლებისა და გამარჯვების რწმენამ“, – განაცხადა ზალუჟნიმ.