რუსული მედია: პუტინმა უკრაინიდან რუსეთში ჩასული ლტოლვილებისთვის 10 ათასი რუბლის გამოყოფის განკარგულება გასცა
რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების ლიდერების მიერ ევაკუაციის გამოცხადების შემდეგ, დონბასიდან რუსეთში, როსტოვის ოლქში 10 300-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა. მონაცემებს რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, უკრაინიდან რუსეთში გადასული ადამიანებს შორის 4 500-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეა, 5 800 ადამიანი უკრაინის მოქალაქეა, 23 კი – სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან.
ამასთან, „ტასის” ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინიდან რუსეთში ჩასული ლტოლვილებისთვის 10 ათასი რუბლის გამოყოფის განკარგულება გასცა.
უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სეპარატისტმა ლიდერებმა მოსახლეობის ევაკუაციისა და საყოველთაო მობილიზების შესახებ 18 თებერვალს გამოაცხადეს. ამას წინ უძღოდა რუსულ მედიაში ლუგანსკში აფეთქებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
ამასთან, უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციებზე საუბრობს.