გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, თუ უკრაინაში კონფლიქტი მოხდა, ეს იქნება კატასტროფა.
ამის შესახებ მან მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.
მან ღრმა შეშფოთება გამოხატა დაძაბულობის გაზრდისა და ევროპაში სამხედრო კონფლიქტის შესახებ მზარდი სპეკულაციების გამო.
“უკრაინის ირგვლივ რუსული ძალების კონცენტრაციის პირობებში, ღრმად ვარ შეშფოთებული მზარდი დაძაბულობის გამო და გაზრდილი სპეკულაციებით ევროპაში შესაძლო სამხედრო კონფლიქტის შესახებ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ თუ ეს მოხდება, იქნება კატასტროფა“, – თქვა გუტერეშმა.
მისი თქმით, დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ყველა საკითხი, მათ შორის, ყველაზე გადაუჭრელი, დიპლომატიურ ჩარჩოებში უნდა გადაწყდეს.
“დიდი ხანია, დეესკალაციის დროა. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე თავიანთ რიტორიკაში. საჯარო განცხადებები მიმართული უნდა იყოს დაძაბულობის შემცირებისკენ და არა – მათი წაქეზებისკენ”, – დასძინა გენერალურმა მდივანმა.