სოსო არჩვაძე: საქართველოს ეკონომიკის ზრდა უზრუნველყოფს დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის დონის შემდგომ არსებით შემცირებას
2021 წელს მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება (ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მკვეთრი შემცირება, ექსპორტის თითქმის 1.3-ჯერადი ზრდა და ა.შ.) ადეკვატურად აისახა შრომის ბაზრისა და დასაქმების მაჩვენებლებში. ქვეყანაში გაიზარდა მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, დასაქმება, შემცირდა უმუშევრობა. ყოველივე ეს განსაკუთრებით რელიეფურად 2021 წლის დამამთავრებელი, მეოთხე კვარტალის მონაცემებში აისახა, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე საქსტატის მიერ უმუშევრობისა და დასაქმების მაჩვენებლების გამოცხადებას 2021 წლის მეოთხე კვარტალისთვის.
საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობის ფაქტობრივი უცვლელობის პირობებში აქტიური სამუშაო ძალის რაოდენობა ერთ წელიწადში 30.4 ათასით (1.2%-ით) გაიზარდა და 1536.1 ათასი კაცი შეადგინა. იმავე პერიოდში კიდევ უფრო მეტად – 46.3 ათასით (3.9%-ით) გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, რომელმაც 1244.2 ათასს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა მატების საერთო რაოდენობის თითქმის 4/5 ( 77.8%) მოდიოდა დაქირავებით დასაქმებულთა მატებაზე.
იოსებ არჩვაძის თქმით, აღნიშნულის ხარჯზე გაუმჯობესდა დასაქმების სტრუქტურაც მასში დაქირავებით დასაქმებულთა წილი გაიზარდა 2020 წლის მეოთხე კვარტალის 67.3%-დან 2021 წლის მეოთხე კვარტალის 67.6%-მდე. 2021 წლის ბოლოს ეროვნულ მეურნეობაში ყოველ 100 თვითდასაქმებულზე (სოფლის მეურნეობის ჩათვლით) მოდიოდა 209 დაქირავებით დასაქმებული (2020 წ. – 206). დასაქმების ზრდამ უზრუნველყო უმუშევრობის დონის შემცირება 2020 წლის მეოთხე კვარტალის 20.4%-დან 2021 წლის მეოთხე კვარტალის 19.0%-მდე. ამასთან, უმუშევრობის დონის შემცირება ქალაქად უფრო საგრძნობი იყო, ვიდრე სოფლად – შესაბამისად, 2.1 პუნქტით და 0.2 პუნქტით.
მისი ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქებზე მოდის საქართველოში შექმნილი დოვლათის 9/10-ზე მეტი და დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 2/3, დასაქმების ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება ქვეყანაში მაკროეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.
„დასაქმებისა და ქვეყნის ეკონომიკის დინამიკა, მათი ტემპების შედარება ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის 4/5-ზე მეტი ინტენსიურ ფაქტორებზე, დასაქმებულთა შრომის მწარმოებლურობის ამაღლებაზე მოდის. საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე და უახლოესი პერიოდის ზრდა, რომელიც ერთ-ერთი მაღალია (და ასეთად შენარჩუნდება საშუალოვადიან პერიოდში) არა მარტო უშუალო სამეზობლოში, არამედ ევროპის მასშტაბითაც, უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის დონის შემდგომ არსებით შემცირებას,“ – წერს არჩვაძე.